სანდრო ბაზაძემ სეულის გრან პრი ვერცხლის მედლით დაასრულა

30 აპრილი 2023

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ  სეზონში მისთვის მესამე გრან პრის ფინალამდე გაიკვალა გზა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სეულის გრან პრის ფინალში კორეელ სანგუკ ოსთან 14-15 წააგო. ბაზაძემ გადამწყვეტ შეხვედრამდე დაამარცხა იაპონელი, კანადელი, ირანელი, კორეელი და იტალიელი მეტოქეები.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მოფარიკავე ერთადერთია, რომელმაც 2022/23 წლების სეზონის სამივე გრან პრის (ტუნისი, ორლეანი და სეული) ფინალში იასპარეზა. გარდა ამისა, მადრიდის მსოფლიო თასიდან (06.05.2022) დღემდე ზედიზედ მეათე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.