ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა

10 მაისი 2023

დოჰას ტატამიზე, სადაც მსოფლიო საუკეთესო ძიუდოისტები წლის უმთავრესი ჯილდოსთვის იბრძვიან, დღეს საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 23 წლის ტატო გრიგალაშვილმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

მომავალი ტრიუმფატორი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდად მოუგო მაროკოელ და ტაჯიკ მეტოქეებს, მეოთხედფინალში კი ვაზარით მოუგო ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს. ნახევარფინალში  ტატომ ორი ვაზარით აჯობა ძლიერ კორეელ ძიუდოისტს იონვან ლის და მისთვის ზედიზედ მესამე ფინალში ბელგიელ მათიას კასეს დაუპირისპირდა.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც ბელგიელთან 2021 წლის ფინალი ჰქონდა წაგებული, მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს ეფექტური ვაზარით მოუგო და გახდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. ტატო პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც დამოუკიდებლობის წლებში ზედიზედ მოიპოვა პლანეტაზე უძლიერესის ტიტული.

ტატო გრიგალაშვილს ასევე ორჯერ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.