საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მედალი მოიპოვა

შერეულ გუნდურ ასპარეზობათა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მედალი მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა დოჰაში მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა (ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი, გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, კოტე კაპანაძე, ეთერ ასკილაშვილი) მოუგო მონღოლეთს (4-2) და ბრაზილიას (4-3), მაგრამ დამარცხდა იაპონიასთან (1-4) და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა. ჩვენმა გუნდმა ეს შანსი წარმატებით გამოიყენა - ჯერ უზბეკეთს მოუგო (4-2), გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანიაც დაამარცხა (4-2) და შერეულ გუნდურ ასპარეზობათა ისტორიაში პირველი მედალი დაისაკუთრა.
საქართველოს კაცთა ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია პირად პირველობაშიც - ორი ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ). ვერცხლის მედალია ლაშა ბექაურის ანგარიშზე (90 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ერგო გიორგი სარდალაშვილს (60 კგ).