შეხვედრები ოლიმპიურ სოფელსა და „ქართულ სახლში“
04 აგვისტო 2012

დღეს დილით ლონდონში საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ჩამოფრინდა, ხოლო იმ სპორტსმენებმა, რომლებმაც ოლიმპიადაზე ასპარეზობა უკვე დაასრულეს (ძიუდო, ტყვიის სროლა, მშვილდოსნობა, კრივი, ცურვა) სამშობლოში დაბრუნდნენ. ზაზა თურმანიძისა და ბეგი დარჩიას შეგირდებს ოლიმპიურ სოფელში მდებარე საქართველოს დელეგაციის შტაბში სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, მისიის ხელმძღვანელი დავით გობეჯიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ადმინისტრაციის სხვა წევრები შეხვდნენ.
გია ნაცვლიშვილმა ქართველი ფალავნები გაამხნევა და წარმატებები უსურვა. „დარწმუნებული ვარ ჭიდაობაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს და თითოეულ თგვენთაგანს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. მინდა მაგალითი ლაშასგან აიღოთ თუ როგორ უშიშრად და შეუპოვრად იბრძოდა ყველა მეტოქესთან. თქვენც შეგიძლიათ იგივეს გაკეთება და გისურვებთ ამ ოლიმპიურ თამაშებზე შავდათუაშვილის წყალი გადაგსხმოდეთ" - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე კი „ქართულ სახლში" ლაშა შავდათუაშვილს ინგლისში მცხოვრებმა ქართულმა სათვისტომომ თბილი შეხვედრა მოუწყო. შეხვედრა ძალზედ ემოციური გამოდგა. იყო სამახსოვრო ფოტოები, უამრავი მილოცვა და სიხარულის ცრემლები.