ზურაბ დათუნაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

05 აგვისტო 2012

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაძაბულ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ერმინ აჰმადოვთან დაარცხდა. 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 21 წლის დათუნაშვილმა ორი ეტაპი ისე გაიარა, რომ ქულა არ დაუკარგავს, ორ-ორი სეტი მოუგო სამხრეთკორეელ და ამერიკელ მოწინააღმდეგეებს.

მეოთხედფინალში აზერბაიჯანელთა შეხვედრაც კარგად ჩაატარა, პირველ სეტში ჩოქბჯენში კარგად დაიცვა თავი, მაგრამ მეორე სეტში ასევე ჩოქბჯენში ახლა მას მოუხდა აქტიურობა და ქულები დაკარგა, რითაც სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა.

მესამე გადამწყვეტ სეტში აზერბაიჯანელმა ქართველს ილეთი გაუკეთა და 1:0 დაწინაურდა. დათუნაშვილს თითქმის ერთი წუთი ჰქონდა დარჩენილი და მან 2-წუთიანი სეტის ბოლო წამებზე კარგი ილეთი შეასრულა, მაგრამ ხალიჩიდან თითქმის გადაყვანილმა და შებოჭილმა აზერბაიჯანელმა მოახერხა კონტრილეთის შესრულება და იმარჯვა.

დათუნაშვილს ჯერ კიდევ რჩება ბრინჯაოს მედლის შანსი, თუ აჰმადოვი ნახევარფინალში იმარჯვებს, ქართველი რეპეშაჟში გადაერთვება და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.