ლაშა შავდათუაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა უნგრეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბუდაპეშტში, სადაც უნგრეთის მასტერსს მასპინძლობენ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი მედლები შეჯიბრების მეორე დღეს მოიპოვა - ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მესამე ადგილი დაიკავეს.
შავდათუაშვილი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა კუბელი და გერმანელი მეტოქეები, მაგრამ მერვედფინალში დამარცხდა უზბეკ მოწინააღმდეგესთან და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა. ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ბრინჯაოს მედლის ნახევარფინალში კოსოვოელი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელ თანაგუნდელ გიორგი ტერაშვილთან მოუწია შეხვედრა, რომელსაც ორი ვაზარით მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
ტერაშვილი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. მოუგო უზბეკ, აზერბაიჯანელ და მოლდაველ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ნახევარფინალში ტაჯიკეთის წარმომადგენელთან წააგო. შემდეგ იყო ბრინჯაოს ფინალი შავდათუაშვილთან.
ტატო გრიგალაშვილიც მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზში. მოუგო ყაზახ მოწინააღმდეგეს, შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილს, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდა ბრაზილიელ მეტოქესთან და მესამე ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა. მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონმა მედლისთვის შეხვედრაში იაპონელი კენია კოჰარას ვაზარით მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.