რევაზ ლაშხის ლონდონური ვერცხლი და წართმეული ბრინჯაო

06 აგვისტო 2012

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში რევაზ ლაშხი ირანელ ომიდ ჰაჯი როროოზისთან ორ სეტში დამარცხდა და ვარცხლის მედალი შეხვდა.

ქართველისა და ირანელის შეხვედრის პირველ სეტში წუთნახევარი უქულოდ გაილია და ლაშხს ჩოქბჯენში შეტევის საშუალება მიეცა, თუმც მან ირანელი ვერ დაძრა და სეტი წააგო. მეორე სეტში ირანელმა ერთადერთი ქულიანი ილეთის შესრულება შეძლო და შემდეგ მთელი წუთი აქტიურად იცავდა თავს, რაც სეტისა და მთლიანად ფინალის მოგებად დაუჯდა.

რევაზ ლაშხმა კი საქართველოს დელეგაციას ლონდონის ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოუტანა. ფინალამდე გზაზე მან ძლიერი მოწინააღმდეგეები დაამარცხა - ეგვიპტელი საიდ აბდელმონემ ჰამედი, რუსი ზაურ კურამაგომედოვი და აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი.

84 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს ფინალში ვლადიმერ გეგეშიძეს, ფაქტობრივად, ბრინჯაოს მედალი წაართვეს.

ყაზახ დანიელ გაჯიევთან შეხვედრის მესამე გადამწყვეტ სეტში გეგეშიძემ კარგად დაიცვა თავი, მოწინააღმდეგემ ჰაერში კი აწია, მაგრამ თავად დაეცა ზურგზე და გეგეშიძემ 2 ქულა მიიღო, მაგრამ ყაზახებმა გააპროტესტეს და მაგიდის მსაჯებმა ქართველს ქულები ჩამოართვეს და ყაზახს მისცეს ქულა. ახლა ქართველებმა გააპროტესტეს, მაგრამ მაგიდის მსაჯებმა აღარაფერი შეცვალეს და ბრინჯაოს მედალი ყაზახს დარჩა.

მანამდე ორი სეტი ილეთის გარეშე გაილია, დაღლილი მოჭიდავეები ვერც დგომში და ვერც ჩოქბჯენში ვერ ახერხებდნენ ილეთის შესრულებას.

მანამდე გეგეშიძემ დაამარცხა სამან ტაჰმასები, უკრაინელი ვასილ მაჩიბა და ნახევარფინალში რუს ალან კურგაევთან დამარცხდა, ხოლო , ბრინჯაოს ფინალში მისი და ყაზახი მოწინააღმდეგის ბრძოლაში ყველაფერი მსაჯთა მერყეობამ გადაწყვიტა.