საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გაიმარჯვა

11 სექტემბერი 2023

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჰააგაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებას შერეულ გუნდურ შეჯიბრებაშიც მიაღწია.

საქართველოს ნაკრებმა (ეთერ ასკილაშვილი, თამაზ კობერიძე, ნინო პაპიძე, გიორგი ბადუაშვილი, ნინო ლოლაძე, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, შალვა გურეშიძე) 4:1 დაამარცხა საბერძნეთის გუნდი, ასეთივე ანგარიშით მოუგო პორტუგალიას, 4:2 გაიმარჯვა საფრანგეთთან, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ნიდერლანდები დაამარცხა 4:1 და შერეულ გუნდურში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ პირველობამდე შედეგიანად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის პირად პირველობაშიც, სადაც ჩემპიონები გახდნენ თენგო ზირაქაშვილი (66 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ) და შალვა გურეშიძე (+100 კგ). ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა ლუკა ბაბუციძემ (81 კგ).