ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა

17 სექტემბერი 2023

ზედიზედ მეშვიდედ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა - ლაშა ტალახაძემ ატაცში, აკვრისა და ორჭიდის ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა.

ქართველი მძიმეწონოსანი რიადის (საუდის არაბეთი) მსოფლიო პირველობაზე, სადაც მედლებთან ერთად XXXIII ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც თამაშდებოდა, ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით საუკეთესო იყო. ასევე უძლიერესი იყო აკვრაში დამორჩილებული 253 კილოგრამითაც, რამაც მას ორჭიდის ჯამში დაგროვილი 473 კილოგრამით ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა მოუტანა. გარდა ამისა, ტალახაძე გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, განურჩევლად ოლიმპიური სახეობებისა, რომელმაც პირად პირველობაში შვიდჯერ იზეიმა ჩემპიონობა.