ვლადიმერ გამყრელიძემ მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

18 სექტემბერი 2023

ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მედლების კოლექცია გაიზარდა - ვლადიმერ გამყრელიძემ წლის უმთავრეს სარბიელზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.

79 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი შეჯიბრს მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში 8-0 დაამარცხა ლატვიელი სპორტსმენი, მეოთხედფინალში 8-2 მოუგო ყაზახეთის წარმომადგენელს, ნახევარფინალში 10-4 გაიმარჯვა უკრაინელ მეტოქესთან, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში 1-4 დამარცხდა ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ახმედ უსმანოვთან.

ერთი დღით ადრე ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა, შოთა ფარტენაძემ (61 კგ) კი ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა.