მანუჩარ ცხადაია ბრინჯაოს მედალს დასჯერდა

07 აგვისტო 2012

27 წლის მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ლონდონში ბრინჯაოს მედალი შემატა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ხობელი ფალავანი ფავორიტთა შორის მოიხსენიებოდა.

მან ოთხი ბრძოლა ჩაატარა და მათგან სამი დამაჯერებლად მოიგო, მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა უნგრელ ტომაშ ლორინცთან.
ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში ცხადაიამ ორ სეტში აჯობა გერმანელ ფრანკ შტებლერს, ისევე როგორც პირველ ორ მოწინააღმდეგეს - შვეიცარიელ პასკალ შტრებელს და ეგვიპტელ აშრაფ მოჰამედ ელღარაბის.

შტრებელთან შეხვედრაში პირველ სეტში წუთნახევარმა უქულოდ ჩაიარა და ბრძოლა ჩოქბჯენში გაგრძელდა, სადაც ცხადაიამ კარგად დაიცვა თავი და თუმცა მეტოქემ მისი ორჯერ აწევა შეძლო, ბრუნი კი ვეღარ გააკეთა და სეტი ქართველს ჩაეთვალა.

მეორე სეტში ცხადაიამ საქმე ჩოქბჯენამდე აღარ მიიყვანა, მეტოქის მიერ წამოწყებული ილეთი თავად გამოიყენა და ჯერ ერთი ქულით დაწინაურდა, გერმანელთა მიერ გაპროტესტების შემდეგ კი მსაჯებმა მას კიდევ ერთი დაუმატეს. დარჩენილ დროში ცხადაიამ დგომში კარგად დაიცვა თავი და ბრინჯაოსთვის ჭიდაობა ორ სეტში მოამთავრა.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. მანამდე ოქრო ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხის ანგარიშზეა.