ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური ვერცხლი მოიპოვა
10 აგვისტო 2012
არაობიექტური მსაჯობის გამო ფინალი ნაადრევად დასრულდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის. რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან ოქროს მედლისთვის შეხვედრის ბოლო წამებზე ქართველმა მოჭიდავემ აშკარად მომგებიანი გდება გაუკეთა მეტოქეს, მაგრამ მსაჯებმა განხილვის შემდეგ ქულა რუსს მიაკუთვნეს.
თავისუფალ სტილით ჭიდაობაში, 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ხინჩეგაშვილმა ოთარსულთანოვთან პირველი სეტი მინიმალური სხვაობით დათმო: უქულო ორი წუთის შემდეგ კენჭისყრით რუსს შეხვდა ფეხში თავისუფალი ჩავლების უფლება და მანაც ქულა აიღო.
მეორე სეტი დრამატული და ილეთებით უხვი გამოდგა. ჯერ რუსი დაწინაურდა 1:0, ხინჩეგაშვილმა გაათანაბრა შემდეგ კი კიდევ ერთი ილეთი შეასრულა, რომელიც ორმხრივად შეფასდა და ანგარიში 2:2 გახდა.
შემდეგ უკვე ხინჩეგაშვილი 3:2 დაწინაურდა, მაგრამ შეცდომა დაუშვა და რუსს თავი ხალიჩიდან გადააყვანინა, რითაც მესამედაც გათანაბრდა ანგარიში - 3:3.
ვინაიდან ბოლო ილეთი ოთარსულთანოვს ჰქონდა გაკეთებული, თანაბარ ანგარიშზე ის იგებდა სეტსაც და ამ შემთხვევაში მთლიანად მატჩშაც. მაგრამ ხინჩეგაშვილმა 12 წამი იმყოფინა ილეთის მოსამზადებლად და 2-წუთიანი დროის ამოწურვამდე ორი წამით ადრე ყველასთვის იოლად დასანახი გდება შეასრულა.
მსაჯები მისთვის ქულის მიცემას არ აპირებდნენ, ქართველებმა კი მომენტი გააპროტესტეს. არბიტრებმა მოკლე განხილვის შემდეგ 3:3 ანგარიში დატოვეს, შემდეგ კი მეორედ მოითათბირეს და ქულა რუსს დაარიცხეს.
ხინჩეგაშვილს კუთვნილი ქულა რომ მიეღო, სეტს ის მოიგებდა, ანგარიშს გაათანაბრებდა და მესამე სეტში მოგებისთვის იბრძოლებდა, ასე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ლონდონის ოლიმპიადაზე ეს იყო მეორე მკაფიო შემთხვევა, როდესაც მსაჯებმა ქართველი მოჭიდავეს ქულა დააკლეს. რამდენიმე დღის წინ ანალოგიურ ვითარებაში მათ ბერძნულ რომაულად მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეს ბრინჯაოს ფინალში ყაზახ მოჭიდავესთან არ მიაკუთვნეს ქულა ილეთისთვის.
საქართველოსთვის ოლიმპიურ თამაშებზე ეს მეოთხე მედალია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი რევაზ ლაშხმა მოიპოვა, ხოლო ასევე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კი მანუჩარ ცხადაიამ ბრინჯაო მოიგო.