ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა
მონპელიეში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მეორე საშეჯიბრო დღეს მოიპოვა. ამ მხრივ შედეგიანი 81 კილოგრამ წონითი კატეგორია გამოდგა, სადაც ტატო გრიგალაშვილი იყო წარმოდგენილი.
ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. მოუგო დევნილთა გუნდის წარმომადგენელ, ირლანდიელ, გერმანელ და ფრანგ მეტოქეებს, მაგრამ სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ვაზარით დამარცხდა თურქეთის წარმომადგენელ გიორგი რევაზიშვილთან, რომელიც ვედატ ალბაირაქის სახელით გამოდის.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელ, მსოფლიოს ჩემპიონ და ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელ ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ). ტიტულიანი ქართველი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კოსოვოელ აკილ გიაკოვასთან ვაზარით დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატს ესწრება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, რომელმაც ტატო გრიგალაშვილს მორიგი მედალი მიულოცა.