სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა!
ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე FIE-ს კონგრესზე, ქართველ მოფარიკავეს, სანდრო ბაზაძეს 2022/23 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზი გადაეცა.
სანდრო ბაზაძე გახლავთ პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავის უმაღლესი ჯილდო ერგო.
ამგვარი აღიარება სრულად დამსახურებულია. სანდრო ბაზაძემ 2023 წელს მოიგო ევროპული თამაშები და ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მის ჯილდოებს შორის ასევე არის მოგებული გრან პრი და მსოფლიო თასი.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს სანდრო ბაზაძეს დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს ყველა უმაღლესი ტიტულის მოპოვებას.
კიდევ ერთი სასიხარულო ამბავია ისიც, რომ 2025 წელს საქართველო ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.