საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება და საუკეთესო პარასპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი
14 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი" - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება და საუკეთესო პარასპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართვლოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პარასპორტსმენები, მათ შორის, ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედროები, შშმ პირთა ორგანიზაციები, პარტნიორი სპორტული ფედერაციები, კერძო კომპანიები და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე საქართველოს პარალიმპიური კომიტეტისგან დააჯილდოვდნენ მხარდამჭერი და პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები.
საქართველოს პარალიმპიური მოძრაობის განვითარებასა და პოპულარიზაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი და სპეციალური პრიზი გადაეცა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, აღნიშნული ჯილდო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა პარასპორტსმენი- მაკა კვინჩია (პარა წოლჭიმი)
2023 წლის საუკეთესო პარა ნაკრები - საქართველოს პარა ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები
2023 წლის საუკეთესო მწვრთნელი- მალხაზ მესხი (ეტლით ფარიკაობა)
ყველაზე განვითარებადი პარასპორტსმენი -ლია ჩაჩიბაია (პარა ტაეკვონდო)
2023 წლის ვეტერანი პარასპორტსმენი - ნიკა თვაური (პარა ცურვა) და იაგო გორგოძე (პარა წოლჭიმი)
2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - რევაზ ჩიკოიძე (პარა ძიუდო)
2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი ( ეტლით ფარიკაობა)
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით, ღონისძიების მასპინძელი - „თელიანი ველი", საინფორმაციო მხარდამჭერი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.