ქართული სპორტის სიამაყე - ნინო სალუქვაძე იუბილარია

01 თებერვალი 2024

სახელოვან ტყვიის მსროლელს, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელს, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს 55 წელი შეუსრულდა.

ნინო სალუქვაძე გამორჩეული მოვლენაა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში. მის მიერ განვლილი სპორტული ცხოვრება არის თვალსაჩინო მაგალითი მაღალი ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობისა, იშვიათი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისა.

ნინო სალუქვაძე - ცხრა ოლიმპიური თამაშების მონაწილე, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი, 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მეორე პრიზიორი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში და ექვსგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში , მეორე და მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში, მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი. ევროპის ხუთგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში , ორგზის მეორე და ორგზის მესამე პრიზიორი, მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი , დამყარებული აქვს ოცამდე მსოფლიო რეკორდი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

ნინო სალუქვაძე პირველი და ერთადერთი სპორტსმენი ქალია მსოფლიოში, რომელმაც ზედიზედ 10 ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. უნიკალური სპორტული მიღწევებისთვის, ნინო სალუქვაძეს პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო ჯილდო -„ქართული სპორტის სიამაყე."

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს დაბადების საიუბილეო თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, ახალ წარმატებებს და კიდევ მრავალი წელი აქტიურ მოღვაწეობას ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის საკეთილდღეოდ.