გიორგი ჩიხელიძემ პარიზის გრან სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა

03 თებერვალი 2024

პარიზის გრან სლემის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა - გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) უფროსებში კარიერის პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.  

2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანი პარიზის პრესტიჟულ ტურნირზე გამოსვლას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ჩეხი, რუმინელი, ბრაზილიელი, მოლდაველი და უზბეკი მოწინააღმდეგეები და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 23 წლის ჩიხელიძე გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ ტაცუკი იშიჰარას დაუპირისპირდა, მაგრამ დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.