რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის, შოთა მიშველიძემ - ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო - რამინ შამილიშვილმა (55 კგ) და შოთა მიშველიძემ (61 კგ) კვარცხლბეკზე ასვლის პატივი დაიმსახურეს.
უმსუბუქესი - 55 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა ატაცში 111 კილოგრამი დაიმორჩილა და მეორე ადგილი დაიკავა. შამილიშვილი აკვრაში დაძლეული 130 კილოგრამით მეოთხე იყო, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 241 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შამილიშვილმა 2023 წლის ევროპის პირველობაც ვერცხლის მედლით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებს მედლები შემატა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შოთა მიშველიძემ. ატაცში 125 კილოგრამს გაუმკლავდა და მესამე ადგილი ერგო, თუმცა აკვრაში დაძლეული 147 კილოგრამით სამეულს მიღმა დარჩა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში საპრიზო წონას - 272 კილოგრამს მოუყარა თავი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.