თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაიწყეს

17 თებერვალი 2024

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას შეუდგა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ჩვენი გუნდი სრული - 10-კაციანი გუნდით არის წარმოდგენილი. აქედან ოთხმა კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო, გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმაც.

გივი მაჭარაშვილი (97 კგ), რომელიც ბუქარესტს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვია, პირველ შეხვედრაში ლიეტუველი მეტოქე 13-2 დაამარცხა. 4-2 მოუგო ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ბელარუს  ალექსანდრ ხუშტინს. 7-2 დაამარცხა თურქი იბრაჰიმ ჩიფტჩი, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს შეხვდა, აქაც გაიმარჯვა (7-1)  და ზედიზედ მეორედ საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა აკაკი ქემერტელიძეს (70 კგ) - ევროპის ჩემპიონატის ახალბედას. ქემერტელიძემ აშკარა უპირატესობით (11-0) მოუგო ნეიტრალური სახელით მოასპარეზე ვლადისლაუ კოიკას, 7-4 დაამარცხა თურქი ჰეიდარ იავუზი, 5-2 გაიმარჯვა ბულგარელ რამაზან რამაზანოვთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომხეთის წარმომადგენელ არმან ანდრეასიანს შეხვდა, მაგრამ დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

საქართველოს სამედლო ჩათვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) და რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), რომლებმაც ბრინჯაოს მედლები აიღეს.

ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა გათამაშებული მედლების პირველი ხუთი კომპლექტიდან ოთხში წილი დაიდეს.