ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა

20 თებერვალი 2024

რვა წლის განმავლობაში პირველად, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნის გარეშე დაიხურა. მძიმე წონაში ევროპის და მსოფლიოს შვიდ-შვიდგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სოფიის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ტრავმის გამო ფიცარნაგზე არ გასულა, იქამდე კი წარმატებით იასპარეზა ანასტასია გოტფრიდმა, რომელმაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში მედლები მოიპოვა.

ქალთა ნაკრების ლიდერმა, მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ანასტასია გოტფრიდმა ატაცში 117 დაძლია და ოქროს მედალი დაიმსახურა. მეორე ადგილი ერგო აკვრაში დამორჩილებული 140 კილოგრამით, ასევე მეორე ადგილზე გავიდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 257 კილოგრამით. აღსანიშნავია, რომ გოტფრიდმა მედლების მხრივ შარშანდელი შედეგი გაიმეორა - ოქრო ატაცში და ვერცხლის მედლები აკვრასა და ორჭიდში.

ლაშა ტალახაძესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ. მისი თქმით, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატს პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო დატვირთვა ჰქონდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წესების თანახმად, აუცილებელი იყო შეჯიბრებაზე სპორტსმენის გამოცხადება, აწონა და სტარტზე წარდგენა. ლაშა ტალახაძეს სწორედ შესაბამისი წესების დაცვა მოუწია.

ერთი დღით ადრე აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ). ჩემპიონატის დებიუტში კი კვარცხლბეკზე ასვლის პატივი დაიმსახურეს რამინ შამილიშვილმა (55 კგ) და შოთა მიშველიძემ (61 კგ).

შამილიშვილმა ატაცში და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ატაცში და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები ერგო შოთა მიშველიძეს.