საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები შერეულ წყვილებში ევროპის ჩემპიონია

26 თებერვალი 2024

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან სასიხარულო ცნობა მოვიდა - მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში  ჩემპიონობა იზეიმეს.

ჩვენმა მსროლელებმა ფინალში გერმანული წყვილი - ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი 17:15 დაამარცხეს.

შეჯიბრებაში საქართველოს მეორე წყვილიც (მარიამ აბრამიშვილი და იოანე ხვარეშია) გამოდიოდა, თუმცა პლეი-ოფის ოთხეულში ვერ მოხვდა და 561 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ შარშან ამავე რანგის ასპარეზობაზე შერეულ წყვილებში გათამაშებული ორი ბრინჯაოს მედლიდან, ორივე ჩვენმა წყვილმა დაისაკუთრა.