საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 4 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

24 მარტი 2024

თბილისის გრანდ სლემის მესამე და დასკვნითი დღე საქართველოს ჰიმნით დაიხურა. გურამ თუშიშვილმა ჩემპიონობა იზეიმა. ჰიმნმა მანამდეც გაიჟღერა ლაშა ბექაურის გამარჯვების აღსანიშნავად.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90 კგ) ფინალამდე გზას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა აზერბაიჯანის, აშშ-ის, რუმინეთის და საბერძნეთის წარმომადგენლები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ელიან ჰაჯიევს იპონით მოუგო და კარიერის მესამე და თბილისის გრან სლემის მეორე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

პირველი წრიდან დაიწყო შეჯიბრი მძიმე წონაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა გურამ თუშიშვილმა. მოუგო გერმანელ, მონღოლ, სლოვაკ და ყაზახ ძიუდოისტებს. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურთან მოუწია შეხვედრა. მძიმეწონოსანთა დაპირისპირებაში ეფექტური იპონით თუშიშვილმა გაიმარჯვა და საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა.

თუშიშვილამდე ამავე წონაში ჩვენს გუნდს ბრინჯაოს მედლით თავისი წილი ჯილდო შემატა იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონმა საბა ინანეიშვილმა.

გრანდ სლემის მესამე დღეს საქართველოს წარმატებულმა გამოსვლამ ჩვენს გუნდს საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველობა მოუპოვა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა იზეიმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ), პირველ დღეს კი კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).

თბილისის გრანდ სლემი იმითაც იყო მნიშვნელოვანი რომ აქტიური სპორტიდან გააცილეს ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტები: მსოფლიოს ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი, ასევე ევროპული თამაშების ოქროს და ვერცხლის მფლობელი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს და ევროპული თამაშების ორი ვერცხლის მედლის მფლობელი ვარლამ ლიპარტელიანი.