ოლიმპიურ ცეცხლს საზღვაო აღლუმის თანხლებით მარსელში შეაცილებენ

03 აპრილი 2024

საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურის განცხადებით, 8 მაისს, საფრანგეთში ოლიმპიურ ცეცხლს საზღვაო აღლუმის თანხლებით შეაცილებენ. ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს მარსელი მიიღებს. საზღვაო პრეფექტურის განცხადებით, სანაოსნო აღლუმში მონაწილეობისთვის რომელიც მარსელის სანაპიროს გასწვრივ უამრავი ნავის თანხლებით ჩაივლის, 1024 ადგილია გამოყოფილი. მსურველებს დარეგისტრირება აპრილის შუა რიცხვამდე ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლებათ. ასევე ცნობილია, რომ ღონისძიება დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდება.

ნავები, რომლებიც ოლიმპიურ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მათი მაქსიმალური სიმძლავრე უნდა იყოს 250 ცხენის ძალა. ამასთან, ძრავიანი ნავების სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 24 მეტრს.

აფრიანი ნავები სიგრძეში არ უნდა აღემატებოდეს 41 მეტრს. გარდა ამისა, არ უნდა დაჩრდილოს მეწინავე ნავი - 1896 წელს ნანტში აგებული სამანძიანი „ბელემი" (58 მეტრი), რომელსაც 26 აპრილს ათენის ნავსადგურიდან გასვლის შემდეგ, ოლიმპიური ცეცხლის ტარების პატივი ექნება.

მარსელის ნავსადგურიდან ოლიმპიური ცეცხლი საფრანგეთში 80-დღიან მოგზაურობას შეუდგება და 26 ივლისს პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ფიალაში აალებით დასრულდება.