ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევისადმი მიძღვნილი ფილმის - ,,სოხუმი-თბილისი-სიდნეი" პრემიერა კინოს სახლში

თბილისის კინოს სახლში გაიმართა საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის, კინორეჟისორ გოგი თორაძის სატელევიზიო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრემიერა „სოხუმი-თბილისი-სიდნეი," რომელიც მიეძღვნა ლეგენდარულ მძლეოსანს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ვიქტორ სანეევს. ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაკვეთით და მხარდაჭერით, ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია გოგი თორაძე, კონსულტანტი-საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია.
ფილმის პრემიერას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, ვეტერანი და მოქმედი მძლეოსანი სპორტსმენები, სხვა მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: „ჩვენი სურვილი იყო, ამ ფილმით კიდევ ერთხელ მიგვეგო პატივი ლეგენდარული ვიქტორ სანეევისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ავსტრალიაში გაატარა. მიუხედავად ასეთი სიშორისა, სეოკ-ს არასოდეს გაუწყვეტია კავშირი ბატონ ვიქტორთან. ის იყო ძალიან დიდი სპორტსმენი და დიდი პიროვნება, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი."
ფილმზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის სახელით რეჟისორმა გოგი თორაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სეოკ-ს და მის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, საქართველოს საელჩოს ავსტრალიის თანამეგობრობაში და სიდნეიში მცხოვრებ ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს ავსტრალიიდან მოწოდებული ფოტო-ვიდეო მასალისთვის.
ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში, 1972 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, 1991 წლიდან ოჯახთან ერთად -ავსტრალიაში.
მძლეოსანი, სამმხტომელი. XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ( მეხიკო, 1968, მიუნხენი 1972, მონრეალი 1976), XXII ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ( მოსკოვი, 1980), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული (1969, 71-72, 74-77), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-70, 73-74, 78) და მეორე პრიზიორი (1967), სსრკ ხალხთა V (1971) და VI (1975) სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 73-75), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971), სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი (1968 -17,23 და 17,39 მ; 1972 - 17,44 მ), საუკეთესო პირადი შედეგი -17,44 მ, საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 72, 76), საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს სპორტის რაინდი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, სოკის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი, სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე. ვიქტორ სანეევი აღიარეს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს ათლეტად,იგი შეყვანილია მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზში.
გარდაიცვალა 2022 წლის 2 იანვარს სიდნეიში. დაკრძალულია იქვე.