ოლიმპიური ცეცხლი პარიზის შუაგულში იგიზგიზებს

04 აპრილი 2024

პარიზის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სიმბოლოს საიდუმლოს ფარდა აეხადა - 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით ოლიმპიური ცეცხლი იგიზგიზებს არა ეიფელის კოშკთან, როგორც ამას ბევრი ვარაუდობდა, არამედ მეფე ლუი XIV მიერ 1664 წელს დაპროექტებულ ტიუილრის ბაღში, ლუვრის მუზეუმის წინ.  

ირკვევა, რომ ქალაქის ცენტრში, ტურისტულ ადგილზე ოლიმპიური ფიალის განთავსების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღეს.

ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოება კვლავაც სერიოზულ გამოწვევად რჩება. ტიუილრი ეს არის ადგილი, რომლის უსაფრთხოების დაცვაც იოლია. ოლიმპიური სიმბოლოს და მისი დამთვალიერებლების უსაფრთხოებისთვის ამოქმედებული იქნება სადღეღამისო მეთვალყურეობა.

უცნობია იმ ადამიანის ვინაობა, რომელსაც ფიალაში ოლიმპიური ცეცხლის დანთების პატივი ექნება, ხოლო თამაშების გახსნის ცერემონია, რომელიც ისტორიაში პირველად ოლიმპიური სტადიონის მიღმა ჩატარდება, ასევე მკაცრად გასაიდუმლოებულია.