რობერტ კობლიაშვილმა პარიზი-2024-ის საგზური მოიპოვა

05 აპრილი 2024

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველ ოლიმპიელთა წარმომადგენლობა გაიზარდა. ამჯერად ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა (97 კგ).

ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა და მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსანმა პროგრამა-მაქსიმუმი ბაქოში მიმდინარე ოლიმპიურ  საკვალიფიკაციო ტურნირზე შეასრულა. კერძოდ, ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო ფინალში გასვლა. კობლიაშვილმა ნახევარფინალში გერმანელ ლუკას ლაზოგიანისთან გამარჯვებით (2-1) საგზური დაიბევა. იქამდე, მერვედფინალში 4-1 დაამარცხა იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილი, მეოთხედფინალში  კი - ნორვეგიელი ფელიქს ბალდოფი (3-1).

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით კობლიაშვილი ერთადერთია, რომელმაც ბერძენ-რომაელთაგან ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

სამწუხაროდ, დღესვე, ბაქოს სალიცენზიო ტურნირს ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ ლერი აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), იური ლომაძე (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ).

ცნობისთვის, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ექვსიდან ოთხ - 67, 87, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.

ქართველ ფალავნებს მდგომარეობის გამოსასწორებლად სტამბოლის მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირი (9-12 მაისი) ექნებათ.

ბაქოში, საკვალიფიკაციო ტურნირს ესწრება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი: „პირველ ყოვლისა, რობერტ კობლიაშვილს ვულოცავ ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას. ის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილეა, ასე რომ, ეს მისთვის მეორე ოლიმპიადა იქნება. ბაქოში რობერტმა ძალიან ჭკვიანურად და რაციონალურად იჭიდავა და წარმატებაში სწორედ დიდი გამოცდილება დაეხმარა. რაც შეეხება ჩვენი გუნდის დანარჩენს წევრებს, სიმართლე გითხრათ, რამდენიმე მათგანისგან უკეთეს შედეგს ველოდით. ერთ თვეში მათ კიდევ ერთხელ მიეცემათ შანსი იბრძოლონ ოლიმპიადაზე მოსახვედრად და, ვფიქრობ, ბაქოში მიღებულ  გამოცდილებას გამოიყენებენ წარმატების მოსაპოვებლად... დღეს შევხვდი საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს, რომლებიც უკვე ბაქოში არიან და სალიცენზიო ტურნირში 7 აპრილს ჩაებმებიან 4 ოლიმპიურ წონით კატეგორიაში. გენო პეტრიაშვილს და გივი მაჭარაშვილს უკვე აქვთ ოლიმპიური საგზური მძიმე და ქვემძიმე წონებში. იმედია, ჩვენი ნაკრები ამაზე არ გაჩერდება და ლიცენზიანტთა რიგები შეივსება."