ქალთა ნაკრებმა ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე მედლების მეორე კომპლექტი მოიპოვა

07 აპრილი 2024

პორტუგალიის გიმარაეშში მიმდინარე ბატუტის მხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მედლების მეორე კომპლექტი მოიპოვა - მარიამ რაგიმოვის და ანანო აფაქიძის წყვილმა სინქრონულ ხტომებში მესამე ადგილი დაიკავა.

მომავალმა მედალოსნებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 47.280 ქულით და მესამე შედეგით ფინალში მონაწილეობის უფლება მიიღეს. გადამწყვეტ ასპარეზობაში ჩვენმა დუეტმა 47.740 ქულა გამოიმუშავა და ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა. პირველი ადგილი დიდმა ბრიტანეთმა (48.160) დაიკავა, მეორეზე კი საფრანგეთი (47.890) გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ადრეულ ეტაპზე მარიამმა და ანანომ, ლუბა გოლოვინასთან და თეონა ჯანჯღავასთან ერთად გუნდურ შეჯიბრში ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

გიმარაეშის ბატუტი უფრო წარმატებული გამოდგა ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის. გოგონათა ნაკრებმა (ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე) გუნდურში ჩემპიონობა იზეიმა. მაია ბოჭორიძის და ანა ლაპიაშვილის წყვილმა კი მათთვის ზედიზედ მეორე კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლები დაისაკუთრა სინქრონულ ხტომებში.