ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა, ეთერ ლიპარტელიანმა - ბრინჯაოსი

25 აპრილი 2024

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას 15-კაციანი გუნდით - 9 კაცით და 6 ქალით შეუდგა და პირველი მედლებიც მოიპოვა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ჯილდოებისთვის ბრძოლას კაცებში -60 და -66, ქალებში კი -48, -52 და -57 კილოგრამ წონით კატეგორიის ძიუდოისტები შეუდგნენ.

ჩვენთვის საყურადღებო კაცთა -66 და ქალთა -57 კილოგრამ წონითი კატეგორიები იყო, რადგან დანარჩენ შემთხვევაში წარმომადგენელი არ გვყავდა.

წარმატებული დღე ჰქონდა ვაჟა მარგველაშვილს. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის და ევროპული თამაშების მესამე ადგილოსანი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. იპონით დაამარცხა ავსტრიელი, იტალიელი და ესპანელი მეტოქეები და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ვაჟა მარგველაშვილმა თურქ მუჰამედ დემირელს  მოუგო და ევროპის ჩემპიონის მეორე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ფინალში გასასვლელად ნაბიჯი დააკლდა ქალთა ნაკრების ლიდერს ეთერ ლიპარტელიანს (-57 კგ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ნახევარფინალურ შეხვედრაში მომავალ ჩემპიონთან, უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მოპოვების შანსი მიეცა, რაც სერბ მარია პერიშიცთან წარმატებით გამოიყენა კიდეც.

-57 კგ წონაში იყო ნინო ლოლაძეც, მაგრამ საწყის შეხვედრაშივე გამოეთიშა ასპარეზობას.