საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

27 აპრილი 2024

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდული გამოდგა. ილია სულამანიძემ (-100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალში იასპარეზეს, ლაშა ბექაურმა (-90) კი ბრინჯაოს ფინალში.

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის მედლის მფლობელმა სულამანიძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა ბელგიელი, უნგრელი და ხორვატი მეტოქეები, მაგრამ სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან ვაზარით დამარცხდა.

ასეთივე გზა გაიარა მძიმეწონოსანმა  გურამ თუშიშვილმა. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა და  მსოფლიო ჩემპიონმა  დაამარცხა პოლონელი, გერმანელი და ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, თუმცა ნეიტრალურ ათლეტ ინალ ტასოევთან შეხვედრაში იპონით დამარცხდა.

ლაშა ბექაურმა ფინალში გამოსვლის შესაძლებლობა მეოთხედფინალში, მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ელიან ჰაჯიევთან დაკარგა, თუმცა მედლის მოპოვების შანსი რეპეშაჟში მიეცა, რაც წარმატებით გამოიყენა კიდეც. ქართველმა ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ბრინჯაოს ნახევარფინალში ფრანგი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის შემდეგ, მესამე ხარისხის მედლით შეავსო საკუთარი კოლექცია.

შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონობა იზეიმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) კი ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა. მეორე დღეს ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (-73)  კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.