საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის შერეულ გუნდური ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

28 აპრილი 2024

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ზაგრების ევროპის გუნდური ჩემპიონატიც საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნა.

ჩვენი ხუთეული ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც  იტალიასთან მეტად რთული ორთაბრძოლა ელოდებოდა. საქართველოს ნაკრებმა (ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ბექაური, გურამ თუშიშვილი) პირველი შეხვედრა 4:3 მოიგო.

შემდეგ საქართველოს ნაკრებმა  იოლად მოუგო მასპინძელ ხორვატიას - 4:1, მაგრამ, სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში საფრანგეთთან  0:4 დამარცხდა და 2021 და 2023 წლებში გუნდურში მოგებული ორი ოქროს  შემდეგ, საკუთარ კოლექციას ვერცხლის მედალი შემატა.

აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირადი პირველობის გარდა, შერეულ გუნდურ პირველობაშიც გათამაშდება მედლები. ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს საქართველოს გუნდიც, რომელსაც შესაბამის დისციპლინაში ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული.

ზაგრების ევროპის ჩემპიონატი, სადაც პირად პირველობაში საქართველოს ნაკრებმა კაცთა და ქალთა საერთო ჩათვლაში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა, სხვა მხრივაც ღირსსახსოვარი იყო. ძიუდოს ევროპის კავშირმა (EJU), როგორც ეს წინასწარ იყო გაცხადებული, ზაგრებში 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტები დააჯილდოვა. ევროპის ძიუდოს კავშირის ვერსიით, წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის პირველობის ვერცხლის მედალოსანი ტატო გრიგალაშვილი. ახალგაზრდებში ასეთი აღიარება ერგო შალვა გურეშიძეს, რომელმაც შარშან ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო. 2023 წლის საუკეთესო გუნდის ნომინაციაში კი საქართველოს ქალთა და კაცთა შერეული გუნდი გამოარჩიეს, რომელმაც შარშანდელი წელი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლით და ევროპის ჩემპიონობით დაასრულა.