ლაშა გურულმა და ესკერჰან მადიევმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბელგრადის ევროპის ჩემპიონატს 10-კაციანი შემადგენლობით ეწვია, აქედან ორმა ფინალში ასპარეზობა შეძლო. ლაშა გურულმა და ესკერჰან მადიევმა გამოსვლა ვერცხლის მედლებით დაასრულეს.
67 კგ წონის ლიდერი, მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატის და ევროპული თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი ლაშა გურული შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო. მოუგო აზერბაიჯანელ ნაბი ისგანდაროვს. ნახევარფინალში დაამარცხა ჩემპიონატის მასპინძელი ვაჰიდ აბასოვი და ფინალში გამოსვლის უფლებაც ასე დაიმსახურა.
ლაშა გურული ოქროს მედლისთვის შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელს, ტარხან იდიგოვს შეხვდა და ორთაბრძოლაში დომინანტობდა კიდეც, მაგრამ მიკერძოებული მსაჯობის გამო, ორი რაუნდის შემდეგ, ორთაბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
ესკერხან მადიევს (71 კგ) ფინალში მეტოქედ მასპინძელი იოვან ნიკოლიჩი ერგო, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა. აღსანიშნავია, რომ მადიევისთვის ეს ვერცხლის მედალი, ჯერჯერობით, საუკეთესო შედეგია.
მომავალ პრიზიორს ფინალში გასასვლელად ოთხი ორთაბრძოლის მოგება დასჭირდა. ჯერ ბელარუს ალექსანდრ რადიონალს მოუგო, შემდეგ რუს იგორ სვირიდჩენკოვს, აზერბაიჯანელ სარხან ალიევს და თურქ ტუგრულჰან ერდემირს.
საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგს 2022 წელს ერევანში მიაღწია, სადაც 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.