გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა

19 მაისი 2024

აბუ დაბიში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. 107 ქვეყნის 658 ძიუდოისტთა შორის არის საქართველოს 12 წარმომადგენელი. კაცთა ნაკრები 9 ძიუდოისტით ასპარეზობს, ქალთა - 3.

ჩვენი გუნდისთვის წარმატებული გამოდგა ჩემპიონატის დებიუტი - 20 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება. მოუგო ჩრდილოეთ კორეელ, ტაივანელ, აზერბაიჯანელ და იაპონელ მოწინააღმდეგეებს, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, ტაივანელ იუნგ ვეი იანგს ვაზარით მოუგო და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით რიგით მერვე ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა შეძლო. აქამდე მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლები მოუპოვებიათ ტატო გრიგალაშვილს (ორჯერ), ლუკა მაისურაძეს, ლაშა შავდათუაშვილს, ლუხუმ ჩხვიმიანს, გურამ თუშიშვილს, ავთანდილ ჭრიკიშვილს და ირაკლი ცირეკიძეს. საბჭოთა დროს ქართველთაგან მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ თემურ ხუბულური (ორჯერ), კობა კურტანიძე და ამირან ტოტიკაშვილი.

სარდალაშვილის "ოქროს" ჩათვლით, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატებზე დამოუკიდებელი საქართველოს მონაგარი 9 ოქროს, 11 ვერცხლის და 23 ბრინჯაოს მედლისგან შედგება. საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დებიუტი მსოფლიო პირველობებზე 1993 წელს ჰამილტონში (კანადა) შედგა.