სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ჯოზიფ ვარვოდიჩს შეხვდა
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის და ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ჯოზიფ ვარვოდიჩის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და ვიცე-პრეზიდენტები -ალექსანდრე ბითაძე და დავით რურუა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობების მდგომარეობაზე და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯოზიფ ვარვოდიჩს სტუმრობისთვის, მიაწოდა ინფორმაცია ჩვენი სპორტის ოლიმპიურ მიღწევებზე და სამომავლო ღონისძიებეზე, ასევე სპორტის საწყლოსნო სახეობებში ქართველი სპორტსმენების წარმატების შესახებ. აღინიშნა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სხვადასხვა პროგრამებით კვლავ აქტიურად განაგრძობს საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობის მხარდაჭერას, რათა გავაუმჯობესოთ შედეგები საერთაშორისო შეჯიბრებებში.
თავის მხრივ, ბატონმა ჯოზიფ ვარვოდიჩმა მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.