ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეც შედეგიანი გამოდგა - ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა შეძლო.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტი, რომელიც აბუ დაბის ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ეწვია, პირველ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს მურად ჩოპანოვს გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო. ასევე გაფრთხილებებით დაამარცხა უზბეკი სარდორ ნურილაევი, მაგრამ მეოთხედფინალში იპონით წააგო იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან და რეპეშაჟზე გადაერთო.
მარგველაშვილი მესამე ადგილის ნახევარფინალში მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხის ორი ვაზარით გაუმკლავდა, ბრინჯაოს ფინალში კი იტალიელ მატეო პირასთან წმინდა გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატების მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღესვე ტატამზე გავიდნენ ნაკრების ყველაზე ტიტულიანი წევრი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), გიორგი ტერაშვილი (-73 კგ) და ნინო ლოლაძე (-57 კგ), მაგრამ ჩემპიონატს ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ.
ერთი დღით ადრე ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ).