გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

23 მაისი 2024

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აბუ დაბის მსოფლიო ჩემპიონატის პირადი პირველობის დასკვნით დღეს მესამე ოქროს მედლის მოპოვებამდე ნაბიჯი დააკლდა. მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი ფინალში კორეელ მეტოქესთან დამარცხდა.

ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორმა, მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედალოსანმა და ევროპული თამაშების ჩემპიონმა მედლების კოლექციას მსოფლიო ჩემპიონატის "ვერცხლი" შემატა.

ქართველი მძიმეწონოსანი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა ალჟირის, თურქეთის ნეიტრალური ქვეყნის და უზბეკეთის წარმომადგენლები, მაგრამ დასანანი მარცხი განიცადა ოქროს მედლისთვის შეხვედრაში - კორეელ მინიონ კიმთან ბოლო წამებზე იპონით წააგო.

ამავე წონაში იასპარეზა საბა ინანეიშვილმა, მაგრამ მეორე წრეში ჩეხ ორგზის ოლიმპიურ და ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკთან იპონით დამარცხდა.

პირველივე წრეში გამოეთიშა ჩემპიონატს სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით პირად პირველობაში 2023 წლის შედეგი გაიმეორა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა აბუ დაბიში ქალთა და კაცთა საერთო ჩათვლაში  მეორე ადგილი დაიკავა.

თუშიშვილის ვერცხლის მედლამდე მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს გიორგი სარდალაშვილმა (-60) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ).