IOC პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ათლეტთა კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) პარიზის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას კიბერსივრცეში სპორტსმენთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
ამ თემაზე ლოზანაში, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა: „პარიზში სხვადასხვა მიმართულებით ამოქმედებული იქნება ხელოვნური ინტელექტი (AI). პირველ რიგში, ეს შეეხება უსაფრთხოების სისტემას. სოციალურ ქსელში ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ნახევარი მილიარდი პოსტი. IOC იზრუნებს კიბერსივრცეში ათლეტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ეს სისტემა თვალყურს მიადევნებს 17 ათასამდე სპორტსმენს და ოფიციალურ პირს. ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად წაშლის შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტებს. ამ სისტემას გლობალურად გავუშვებთ 2025 წელს, რათა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს."
პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.