სეოკ-ის სამძიმარი
სართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორის, სახელოვანი ქართველი მოფარიკავის გურამ კოსტავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სპორტულ საზოგადოებას.
გურამ კოსტავა გახლდათ ღირსეული პიროვნება, ქართველ მუშკეტერთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დიდ საერთაშორისო სარბიელზე გამოიჩინა თავი და მსოფლიო ფარიკაობის ლიდერთა რიგებში დაწინაურდა.
გურამ კოსტავა - XVII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში (1960, რომი), XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი პირად პირველობაში (1964, ტოკიო), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 67), ორგზის მეორე (1959, 66 - ორივე გუნდურში) და ორგზის მესამე პრიზიორი (1963, 65 - ორივე პირადში), სსრკ ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), ხუთგზის მეორე (1960, 61, 62, 64, 68) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1957, 58, 60, 65, 67), სსრკ თასის მფლობელი(1960), სსრკ სპორტის დამსახურებულ ოსტატი.
გურამ კოსტავა ერთადერთი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო პირად ტურნირში. ეს მოხდა 1964 წელს ტოკიოში, სადაც გურამმა მესამე ადგილი დაიკავა, 4 წლით ადრე რომში კი ასევე ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი ერგო გუნდურ შეჯიბრებაში.
ქართულ სპორტში და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გურამ კოსტავა დაჯილდოებულია ოლიმპიური ორდენით.