ლერი ხაბელოვი 60 წლისაა

05 ივლისი 2024

დღეს 60 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ ფალავანს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს.

გამორჩეული და შთამბეჭდავია ლერი ხაბელოვის სპორტული მიღწევები: ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული თავისუფალ ჭიდაობაში. ის იყო მსოფლიო ჭიდაობის ნამდვილი ლიდერი, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა მთელი ათი წლის განმავლობაში. ამიტომაც აღიარეს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოჭიდავედ, ამიტომაც აირჩიეს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრად.

ლერი ხაბელოვის მაღალ ოსტატობაზე და პროფესიონალიზმზე, მის იშვიათ შეუპოვრობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე დღესაც აღტაცებით საუბრობენ სხვადასხვა თაობის მოჭიდავეები, მწვრთნელები თუ გულშემატკივრები. ვიდრე დიდ სპორტულ სარბიელზე გამოდიოდა, ის იყო სამაგალითო და წარმატებული სპორტსმენი, რომელმაც ღირსებით ატარა ქართული სპორტის სახელი მსოფლიოს სარბიელზე.

ისე მოხდა, რომ ლერი ხაბელოვის მთელი ცხოვრება სპორტს დაუკავშირდა. ჯერ როგორც სპორტსმენი, მერე კი სპორტის ფუნქციონერი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყოველდღიურად იყო და არის ჩართული სპორტულ მოძრაობაში, როგორც ამ მოძრაობის აქტიური წევრი და მონაწილე. პოლიტიკაში ყოფნის პერიოდშიც, როცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, ასევე სპორტი იყო მისი საქმიანობის ძირითადი სფერო.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რანგში კი, უკვე მრავალი წელია ქართული სპორტის სამსახურში დგას და წარმატებით უძღვება ამ დიდ საქმეს.

ლერი ხაბელოვისთვის სპორტი ძალიან ახლობელი და ბუნებრივი გარემოა, სადაც თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მან ამ სახლში აიდგა ფეხი, აქ გაიზარდა და ჩამოყალიბდა, როგორც პიროვნება, სპორტსმენი და მოქალაქე, ერთგული შვილი თავისი ქვეყნისა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ჩვენი სპორტი და ოლიმპიურ მოძრაობა ახალ სიმაღლეზე ავიდა, რაც აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, პირადად პრეზიდენტი თომას ბახი მაღალ შეფასებას აძლევს ლერი ხაბელოვის მოღვაწეობას, როცა ამბობს, რომ „საქართველოს აქვს დიდი გული და სიყვარული სპორტის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი პიროვნება კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვია - დიდი გულით, განსაკუთრებული დამოკიდებულებით სპორტის მიმართ და დიდი მიღწევებით."

სწორედ ამ მიღწევების გამო, ლერი ხაბელოვს მიენიჭა უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოები - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის ორდენები. ის ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენებით.

დღეს ლერი ხაბელოვი იუბილარია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრები, სეოკ-ის თანამშრომლები გულითადად ვულოცავთ ბატონ ლერის ამ დიდ იუბილეს, ვუსურვებთ დღეგრძელობას, პირად ბედნიერებას, ახალ წარმატებებს ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის სასიკეთოდ.