ლერი ხაბელოვის საიუბილეო საღამო
5 ივლისს, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის, სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის საიუბილეო საღამო.
ღონისძიებას დაესწრნენ უცხოელი სტუმრები, ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საღამოზე წაიკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისალოცი წერილი, წარმოადგინეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის ვიდეო-მილოცვა. სიტყვით გამოვიდნენ უცხოელი სტუმრები, ქართული სპორტის და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სპეციალური საჩუქრები გადასცეს ლერი ხაბელოვს.
საიუბილეო საღამოზე გაიმართა ელგუჯა ბერიშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის - „მე, ლერი ხაბელოვი" პრეზენტაცია, ასევე მოეწყო კინორეჟისორ გოგი თორაძის მიერ ლერი ხაბელოვის შესახებ შექმნილი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის- ,, ლერი" პრემიერა. საიუბილეო საღამო მუსიკალურად გაააფორმა ანსამბლმა შვიდკაცამ და ანსამბლ ერისიონის მოცეკვავეებმა.
ლერი ხაბელოვი
დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს თბილისში.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა) და ვერცხლის პრიზიორი (1988, სეული), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და მესამე პრიზიორი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი , მსოფლიოს თასის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონი, სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი.
1998-2004 წლებში იყო საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2004-2007 წლებში - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი (2012- 2020), 2012-2016 წლებში თავმჯდომარეობდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, 2012 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ორდენების კავალერი.