საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე
დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სეოკ-ის გენერალური სპონსორის ,,საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.
ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა:
„დღეს უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე - პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ვაცილებთ ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც დიდი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს ოლიმპიური საგზური.
ოლიმპიელობა თავისთავად მეტყველებს სპორტსმენის მაღალ კვალიფიკაციაზე, ამავე დროს ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მილიარდიანი აუდიტორიის წინაშე ასახელო შენი ქვეყანა.
ნებისმიერ დიდ სპორტულ გამარჯვებას, განსაკუთრებით კი სწორედ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულს, სპორტის გულშემატკივარი პირად გამარჯვებად აღიქვამს, საკუთარ მიღწევასთან აიგივებს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ოლიმპიელობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რაც კარგად აქვთ გაცნობიერებული ჩვენს სპორტსმენებს. ისინი პარიზში გამოვლენ და გაიმარჯვებენ საქართველოს სახელით, თითოეული ჩვენგანის სახელით!
ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი სპორტსმენებისთვის მაქსიმალურად საუკეთესო პირობები შეექმნათ.
პარიზი-2024 დამოუკიდებელი საქართველოსთვის მერვე ოლიმპიადა იქნება. ატლანტიდან მოყოლებული, ჩვენმა ქვეყანამ ოლიმპიურ თამაშებზე არაერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა.
ყველაზე უხვმედლიანი გამოდგა ტოკიოს ოლიმპიადა, სადაც ჩვენ 8 მედალი ავიღეთ, მათ შორის - 2 ოქროს მედალი.
სიმბოლურია, რომ წლევანდელი ოლიმპიური თამაშები ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო წელს ტარდება. ვგეგმავთ, რომ შემოდგომაზე ფართოდ აღვნიშნოთ სეოკ-ის 35 წლის იუბილე.
28 ქართველი სპორტსმენი წარდგება პარიზის ოლიმპიურ სარბიელზე. ოლიმპიადაზე მრავალრიცხოვანი გუნდი არასოდეს გვყოლია, მაგრამ ჩვენი გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა ბრძოლის უნარიანობით და თავდადებით.
განსაკუთრებით ვარსკვლავურია ჩვენი დღევანდელი ნაკრები, რომელიც აერთიანებს 4 ოლიმპიურ ჩემპიონს, ოლიმპიური ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნებს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების არაერთ პრიზიორს.
ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდით ჩავდივართ საფრანგეთის დედაქალაქში. ჩავდივართ იმისთვის, რომ სახელი და დიდება მოვუტანოთ საქართველოს!
ჩვენი დევიზი უცვლელი რჩება: „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე"!
წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ოლიმპიელებს და ჩვენს ქვეყანას."
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ოლიმპიელებს წარმატებული ასპარეზობა უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შერაზ გასრიმ, სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტმა, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა , ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა, საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ არჩილ ხაჩიძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი - ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს მიიღებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუნდში მრავლად არიან ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, რაც ძალიან დამაიმედებელია.
ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ წარმატებები უსურვა.
„ჩვენთვის განმსაზღვრელი, მთავარი არის რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გამორჩეული იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ზაფხულის 33 - ე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენები წარადგინა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა.
საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში - ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო იასპარეზებს 28 სპორტსმენი, ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე:
1. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
2. ლაშა გობაძე ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
3. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
4. რობერტ კობლიაშვილი ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
5. ვლადიმერ გამყრელიძე ( თავისუფალი ჭიდაობა)
6. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
7. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
8. გოდერძი ძებისაშვილი ( თავისუფალი ჭიდაობა)
9. ლაშა გურული (კრივი)
10. გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)
11. ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა)
12. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
13. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
14. ანა ნიჟარაძე (ცურვა)
15. ნოე ფანცხავა (ცურვა)
16. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა)
17. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
18. ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა)
19. ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო)
20. ლაშა ბექაური (ძიუდო)
21. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო)
22. გურამ თუშიშვილი (ძიუდო)
23. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)
24. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
25. ილია სულამანიძე (ძიუდო)
26. გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო)
27. სოფიო სომხიშვილი (ძიუდო)
28. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
საქართველოს სპორტსმენთა სახელით ოლიმპიურ ფიცი დადო ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა.
ქართველი ოლიმპიელების სახელით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური მისიის ხელმძვანელი იქნება სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან ლეგენდარული სპორტსმენები - ყველა სპორტული ტიტულის მფლობელი , უკვე ათგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე- უძლიერესი მამაკაცი მსოფლიოში, ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი.
საქართველოს სპორტსმენთა სააღლუმე სამოსი შექმნა ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა.
რაც შეეხება სპორტულ ეკიპირებას, იაპონურ კომპანია მიზუნოს ეკუთვნის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ტყემალაძე, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები, მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, სხვა მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიება დასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.
ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაცია უზრუნველყო საქართველოს პირველმა არხმა. ასევე საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს პარიზის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ეტაპობრივად გაემგზავრებიან.