პარიზიდან პარიზამდე 100 წელია
პარიზმა ოლიმპიურ თამაშებს პირველად 1900 წელს უმასპინძლა, ბოლოს კი - 1924 წელს. ასე რომ, საფრანგეთის დედაქალაქი მეორეა ლონდონის შემდეგ (1908, 1948 და 2012), რომელიც მესამედ მასპინძლობს ოთხწლეულის უმთავრეს ასპარეზობას.
1924 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიიდან, რომელიც 27 ივლისს შედგა, 2024 წლის 26 ივლისამდე, როდესაც ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება, ზუსტად 100 წელი იქნება გასული.
XXXIII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება 26 ივლისს და დაიხურება 11 აგვისტოს.
ისტორიაში პირველად, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ჩატარდება სტადიონს მიღმა, ღია ცის ქვეშ, მდინარე სენაზე, რომელიც პარიზის ცენტრს შუაზე კვეთს.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებში 206 ქვეყნის 10 714 ათლეტი ჩაერთვება. მათ შორის არის საქართველო, რომელიც 28 სპორტსმენით სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს.
პარიზის ოლიმპიურ სარბიელზე სპორტის 32 სახეობაში მედლების 329 კომპლექტი გათამაშდება - 10 მედლით ნაკლები, ვიდრე ეს იყო ტოკიო-2020-ის თამაშებზე.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეფორმებს შორის მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს გენდერული თანასწორობა - პირველად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პარიზის ოლიმპიური თამაშები ქალი და კაცი სპორტსმენების თანაბარ რაოდენობას მიიღებს.
სპორტის 32 სახეობიდან 28-ში სრული გენდერული თანასწორობაა მიღწეული. სამართლიანად არის განაწილებული მედლებიც - ჯილდოების 152 კომპლექტს ქალები გაითამაშებენ, 157-ს - კაცები, 20-ს კი შერეული წყვილები და გუნდები. ისტორიაში პირველად, საქართველო შერეულ გუნდურ შეჯიბრებაშიც (ქალების და კაცების გაერთიანებული გუნდი) იასპარეზებს ძიუდოში.
XXXIII ოლიმპიური თამაშები სხვა მხრივაც შევა ისტორიაში. მაგალითად, სერფერები პარიზიდან ძალიან შორს, 15 ათასი კილომეტრის დაშორებით, სერფინგის სამოთხედ წოდებულ საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულ ტაიტიზე იასპარეზებენ და ერთგვარ რეკორდსაც დაამყარებენ - ოლიმპიური დედაქალაქიდან ოლიმპიური არენა ასე შორს ჯერ არ მოუწყვიათ. აქამდე ოლიმპიურ ობიექტებს შორის დაშორების მხრივ რეკორდი მელბურნის 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებს ეკუთვნოდა. მაშინ, ავსტრალიის საკარანტინო რეგულაციების გათვალისწინებით, ცხენოსანთა ასპარეზობებისთვის მწვანე კონტინენტზე ბედაურების გადასაყვანად ექვსთვიანი კარანტინის გავლა იყო საჭირო. ამის გამო, ცხენოსანთა შეჯიბრებები მელბურნის თამაშებამდე თითქმის ხუთთვენახევრით ადრე სტოკჰოლმში ჩაატარეს.
ისტორიაში პირველად, მარათონი ღია იქნება როგორც ოლიმპიელებისთვის, ისე მოყვარული მორბენალებისთვის. კერძოდ, მარათონში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა 20 წელს ზევით გარკვეული რაოდენობის მსურველს შეეძლება. მოყვარულებიც იმავე მარშრუტით ირბენენ, როგორც ეს ოლიმპიელების შემთხვევაში იქნება.
ოლიმპიური შეჯიბრებები გაიმართება 34 სარბიელზე. მედლების ყველაზე მეტი კომპლექტი გათამაშდება საწყლოსნო სახეობებში (49) და მძლეოსნობაში (48). პარიზში შედგება ბრეიკდანსის ოლიმპიური ნათლობა.
პარიზში ყველაზე დიდი გუნდით წარდგება აშშ-ის ოლიმპიური ნაკრები (592). ამერიკელებს მცირედით ჩამორჩება მასპინძელი საფრანგეთი (573). მრავალრიცხოვნებით მესამეა ავსტრალია (460). 28 მონაწილით 68-ე ადგილზეა საქართველო. სპორტსმენების ამდენივე რაოდენობა ჰყავს სლოვაკეთს და პარაგვაის.
საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური გუნდების გარდა, 15 მილიონამდე სტუმარს ელოდებიან.
პარიზი ერთადერთი არ იქნება, რომელიც ოლიმპიურ ასპარეზობებს მიიღებს. საფეხბურთო ტურნირი ჩატარდება ბორდოში, ნანტში, ლიონში, სენტ ეტიენში, ნიცაში და მარსელში. ასევე მარსელში ჩატარდება აფროსანთა შეჯიბრებები, ხოლო კალათბურთში საკვალიფიკაციო შეხვედრებს და ხელბურთელთა ფინალებს უმასპინძლებს ლილი.
24 ივლისის მონაცემებით, გაყიდულია 9 მილიონამდე ბილეთი.