პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

26 ივლისი 2024

ოლიმპიური თამაშების 128-წლიან ისტორიას გახსნის არაერთი კარგი, შთამბეჭდავი, მასშტაბური ცერემონია ახსოვს. ყველა მასპინძელი ცდილობდა, რაღაც განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი გაეკეთებინა, მაგრამ მთლიანობაში ყველა მათგანს რაღაც საერთო მაინც ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე - პარიზელებმა განსხვავებული სანახაობა შემოგვთავაზეს. ისტორიაში პირველად,  ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ჩატარდა სტადიონს მიღმა, ღია ცის ქვეშ და რაც უფრო შთამბეჭდავია, მდინარეზე და მდინარის გასწვრივ.

ჩვეული სცენების ნაცვლად, როდესაც დელეგაციათა აღლუმი სტადიონის სარბენ ბილიკებს მიუყვებოდა, ამჯერად მთავარ როლში მოგვევლინა სენა - პარიზის მთავარი არხი, რომლის გასწვრივაც 300 ათასი მაყურებლისთვის საგანგებოდ მოეწყოთ დროებითი კონსტრუქციებით აგებული ტრიბუნები.

მასპინძლებმა გახსნის ცერემონიისთვის პარალელურად, რამდენიმე სცენაც მოაწყვეს და სანახაობაც უფრო გაჯერებული და დატვირთული გამოდგა. იყო ცალკეული მუსიკალური ნომრებიც - ვარსკვლავური წარმოდგენებით, ფრანგული კულტურის ნიშნებით.

დელეგაციათა ერთგვარი სააღლუმე ფლოტილია საბერძნეთის ოლიმპიური გუნდით დაიძრა. ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლებს უკან მიჰყვა დევნილთა გუნდი, მერე კი ანბანის მიხედვით გაგრძელდა ოლიმპიელთა ცურვა სენაში.

206 ქვეყნიდან ყველაზე დიდი წარმომადგენლობის მქონე დელეგაციები დიდი  ნავებით გამოჩნდნენ, პატარა გუნდები, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თანაზიარი ნავით თუ კატარღით გაუყვნენ მდინარის არხს

ქართველი გულშემატკივრისთვის კულმინაცია იყო ნინო სალუქვაძის და ლაშა ტალახაძის მედროშეობით ჩვენი ოლიმპიელების სენაზე გამოჩენა, რომელიც ნავზე გამბიის გუნდთან ერთად მიუყვებოდა მდინარის არხს.

სააღლუმე მარშრუტით ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა მეგზურობა გაგვიწიეს პარიზში, გაგვაცნეს საფრანგეთის ისტორიის ფრაგმენტები, არქიტექტურა აუსტერლიცის ხიდიდან ნოტრ დამის და  ლუვრის გავლით. აღლუმმა ასევე ჩაუარა რამდენიმე საასპარეზო სივრცესაც, მათ შორის ინვალიდთა სახლს (Esplanade des Invalides, უმასპინძლებს მშვილდოსნებს, მარათონელთა ფინიშს, ველოსპორტს) და დიდ სასახლეს (Grand Palais, აქ ჩატარდება შეჯიბრებები ფარიკაობასა და ტაეკვონდოში) და ღუზა ჩაუშვა იენის ხიდთან (Pont d'Iéna) - ტროკადეროს და ეიფელის კოშკს შორის, სადაც ღონისძიების ოფიციალურ ნაწილი ამოქმედდა: ოლიმპიური დროშის აღმართვა, ფიცის დადება.

დამსწრეთ, რა თქმა უნდა, მიესალმნენ პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ტონი ესტანგე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

კულმინაციამდე, ვიდრე ფიალაში ოლიმპიური ცეცხლი აგიზგიზდებოდა, მასპინძლებმა ეიფელის კოშკის ლაზერის სხივებში გახვევით მეტად შთამბეჭდავი სანახაობა შემოგვთავაზეს.

დასკვნით ნაწილში, მეჩირაღდნეთა შორის არაერთი სახელოვანი სპორტსმენიც ვიხილეთ: ზინედინ ზიდანი, რაფაელ ნადალი, სერენა უილიამსი, ნადია კომანეჩი, კარლ ლუისი, ტონი პარკერი, ამელი მორესმო...

მთავარ მეჩირაღდნეებად მოგვევლინენ მძლეოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარი ჟოზე პერეკი და ძიუდოში ასევე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (აქედან ერთი ოქროს მედალი გუნდურში მოიპოვა) ტედი რინერი, რომლებმაც ტიუილრის ბაღში საჰაერო ბურთზე გამოკიდებულ რკალში ააგიზგიზეს ცეცხლი და პარიზის ცისკენ გაუშვეს. ამ ორიგინალური გზით ფრანგებმა საჰაერო ბურთის გამომგონებლები  - ძმები მონგოლფიები შეგვახსენეს.

ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების ნაზავი სანახაობის სულისჩამდგმელი იყო   ფრანგი რეჟისორი ტომას ჯოლი. ცერემონიის ქორეოგრაფიაზე იზრუნა მოდ ლე პლადემ, რომელმაც აღლუმის მარშრუტზე გადებულ ყველა ხიდზე მოცეკვავეებს უხმო. კოსტიუმების დიზაინზე იზრუნა ფრანგმა ტელეწამყვანმა, სტილისტმა და დიზაინერმა დაფნე ბურკიმ.

უჩვეულო სანახაობა, სადაც საფრანგეთის დედაქალაქი ერთ დიდ სცენად გარდაიქმნა, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პარიზელებს ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობა, დიდ უხერხულობადაც დაუჯდათ - მასპინძლებმა ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახსნამდე ორი-სამი დღით ადრე ჩაკეტეს, ლოკდაუნი გამოაცხადეს, გახსნის დღეს კი უსაფრთხოების მიზნით ქალაქის თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.

კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, როდესაც ტოკიოს თამაშები 2020 წლის ნაცვლად ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა და ამით ერთგვარი პულსაცია დაირღვა, პარიზის ოლიმპიური თამაშებამდე სამწლიანი ლოდინი გახდა საჭირო. თამაშებიდან თამაშებამდე ასეთი მოკლე ინტერვალი არასდროს ყოფილა.