ქართველი ოლიმპიელები ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობას შეუდგნენ

27 ივლისი 2024

პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ქართველ ოლიმპიელთა ასპარეზობა მოცურავეთა გამოსვლით დაიწყო და ძიუდოისტთა შეჯიბრებით დასრულდა. 15 წლის ანა ნიჟარაძე, რომელიც საქართველოს ოლიმპიურ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია, 100 მეტრზე  ბატერფლაით საკვალიფიკაციო გაცურვით აღნიშნა ოლიმპიური დებიუტი, თუმცა, სამწუხაროდ, 28-ე შედეგი აღმოაჩნდა (1.02,85) და შეჯიბრს გამოეთიშა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას შეუდგა ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე.

გამოცდილმა ოლიმპიელმა 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო გასროლა 562 ქულით და 38-ე ადგილით დაასრულა, რაც სამწუხაროდ, კვალიფიკაციის გასავლელად საკმარისი არ იყო.

ნინო სალუქვაძე, რომელიც სარეკორდო მეათე ოლიმპიურ თამაშებზე გამოდის, 2 აგვისტოს 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაშიც იასპარეზებს.

სანდრო ბაზაძისთვის წარუმატებელი გამოდგა პარიზის ოლიმპიური თამაშები. ქართველი ხმლით მოფარიკავე მისთვის მესამე ოლიმპიურ თამაშებს ნაადრევად გამოეთიშა.

ბაზაძე ოლიმპიურ ტურნირს მერვედფინალიდან შეუდგა. დამაჯერებლად - 15-6 მოუგო მექსიკელ მეტოქე გიბრან ზეას და მეოთხედფინალში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა.

მომდევნო შეხვედრაში ქართველი მოფარიკავე ეგვიპტელ მოჰამედ ამერის დაუპირისპირდა. მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა შეხვედრა მძიმედ დაიწყო. ერთი პერიოდი 2-8-ს აგებდა, მაგრამ ჩამორჩენა ერთიანად შეამცირა, შედეგი გაათანაბრა და შემდეგ დაწინაურდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ დაძაბულ შეხვედრაში მსაჯთა არცთუ დამაჯერებელი გადაწყვეტილებით დასანანი მარცხი განიცადა - 14-15.

რა თქმა უნდა, ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს, როდესაც საქმე ძიუდოისტთა ტურნირს ეხება.

მარსის ველზე, სადაც ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირი მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაციისთვის ერთ-ერთ მთავარ დანიშნულების ადგილად იქცა, რაც ბუნებრივიცაა, რადგან ძიუდოისტებისგან ტრადიციულად მედლების მოპოვების დიდი მოლოდინია.

ჩვენი გუნდიდან პირველი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) წარდგა. უმსუბუქესი წონის წარმომადგენელი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრაში ისრაელელ იამ ვოლჩაკს შეხვდა და დაახლოებით ორ წუთში ვაზარით დაწინაურდა, ბოლოსკენ მეტოქის სახიფათო ქმედებისთვის გამარჯვებულადაც გამოცხადდა.

სარდალაშვილისთვის რთული გამოდგა თურქ სალიჰ ილდიზთან მეოთხედფინალური შეხვედრა. ილდიზის დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა და სამწუხაროდ, მეტოქის გამარჯვებით დასრულდა - თურქმა მეტოქემ 21 წლის ქართველი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა.

სარდალაშვილს მდგომარეობის გამოსასწორებლად რეპეშაჟში მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა. ქართველ მსუბუქწონოსანს ურთიერთობის გარკვევა მოუწია მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ გამოცდილ კორეელ კიმ ვონ ინთან, რომელსაც თავის მხრივ ნახევარფინალის საგზური საფრანგეთის სახელით მოასპარეზე მომავალმა ვერცხლის მედალოსანმა ლუკა მხეიძემ წაართვა.

ქართველმა ძიუდოისტმა გამოცდილ კორეელ, 32 წლის კიმ ვონ ჯინთან შეხვედრაში წარმატებას მიაღწია. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა წუთნახევარში ეფექტური გდებით ვაზარი დაიმსახურა და უმალ ბოჭვაც მიაყოლა. შედეგად, სარდალაშვილმა ბრინჯაოს ფინალში ასპარეზობის უფლება წმინდა გამარჯვებით მოიპოვა.

სარდალაშვილს მისთვის პირველი ოლიმპიური მედლისთვის მეტოქეობას უწევდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი.

სამწუხაროდ, ახალგაზრდა ძიუდოისტმა მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშები ბრინჯაოს მედლის ფინალში წაგებით დაასრულა - მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

28 ივლისს ოლიმპიურ სტარტებზე გავლენ ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი, მოცურავე ნოე ფანცხავა და მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი.