პარიზის ოლიმპიური თამაშების მეორე დღემ უშედეგოდ ჩაიარა
პარიზის ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღე ჩვენთვის, სამწუხაროდ, უშედეგოდ დასრულდა. ჩვენი სპორტსმენები სამ სახეობაში გამოვიდნენ და დებიუტშივე გამოეთიშნენ ასპარეზობას.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს და ერთი ვერცხლის, ასევე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა.
30 წლის ქართველ ძიუდოისტს მასპინძელ ვალიდ ხიართან რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია. აშკარა იყო, მეტოქის გარდა, მასზე წნეხს ფრანგი გულშემატკივარიც ახდენდა. სამწუხაროდ, შეხვედრის დასრულებამდე 24 წამით ადრე მარგველაშვილს ვაზარი აართვეს, 17 წამით ადრე კი იპონით წააგო. შედეგად, გამოცდილი ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიურ თამაშებს ნაადრევად გამოეთიშა.
სარბიელზე გავიდა მოცურავე ნოე ფანცხავა. ოლიმპიური თამაშების 18 წლის ახალბედა მონაწილე 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში საკვალიფიკაციო გამოსვლა ჰქონდა. სამწუხაროდ, მისი შედეგი (56.46) შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფანცხავამ „პარი ლა დეფანს არენას" წყალში, სადაც მოცურავეთა ოლიმპიური ასპარეზობა მიმდინარეობს, ოთხწლეულის უმთავრეს შეჯიბრებაზე გამოსვლა 41-ე ადგილით დაასრულა.
წარუმატებელი დღე გვქონდა კრივშიც. 92 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენელი გიორგი ყუშიტაშვილი მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებში მერვედფინალიდან ჩაება. ქართველ მოკრივეს მეოთხედფინალის საგზურისთვის მეტოქეობას უწევდა ტაჯიკი დავლატ ბოლტაევი.
ქართველმა მოკრივემ პირველი რაუნდი წააგო, მეორეში კი გაიმარჯვა, მაგრამ მესამე, გადამწყვეტ რაუნდში მსაჯთა არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით (ხუთიდან სამმა მასჯმა გამარჯვებულად ბოლტაევი ცნო) უპირატესობა მეტოქეს მიენიჭა. შედეგად, ყუშიტაშვილი პარიზულ რინგს პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშა.
29 ივლისს ასპარეზობაში ჩაებმებიან ძიუდოისტები - ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ). რინგზე გავა საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერი ლაშა გურული (63,5 კგ).