ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველი მედალი შესძინა

30 ივლისი 2024

საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა პარიზის ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღე. მისთვის მეორე ოლიმპიურ თამაშებზე ფინალამდე გაიკვალა გზა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ).

ქართველი ძიუდოისტი, რომელიც პარიზის ოლიმპიურ ტატამზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში წარდგა, პირველ წრეში დაამარცხა მოლდაველი მიხაილ ლატიშევი და მერვედფინალში გავიდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა. გრიგალაშვილმა გამარჯვება ვაზარით მოიპოვა.

წარმატებული იყო მეოთხედფინალიც - ვაზარით გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანთან, ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან და ნახევარფინალში გავიდა.

ტატომ ნახევარფინალში, ისევე როგორც 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ამავე ეტაპზე, ვაზარით დაამარცხა კორეელი იონ ჰვან ლი. საამისოდ კი ოქროს ქულა გახდა საჭირო, რომლის მოსაპოვებლადაც ძიუდოისტებს მარათონული დაპირისპირება დასჭირდათ. დროში გაწელილ შეხვედრაში გამარჯვება ქართველს დარჩა, ეს კი გარანტირებულ მედალს ნიშნავდა.

24 წლის ქართველ ფინალისტს გადამწყვეტ შეხვედრაში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მოუწია შეხვედრა. გრიგალაშვილს აშკარად ეტყობოდა ნახევარფინალის დაღლა. შედეგიც შესაბამისი გამოდგა. მეტოქემ ჯერ ვაზარი აართვა ქართველს, შემდეგ კი წმინდა გამარჯვებაც მოიპოვა.

სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა პარიზის ოლიმპიური თამაშები ეთერ ასკილაშვილისთვის (-63 კგ). ქართველი ძიუდოისტი მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებს პირველ წრეში გამოეთიშა. ქალთა ნაკრების წარმომადგენელი მომავალ ჩემპიონთან, სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან იპონით დამარცხდა.

31 ივლისს საქართველო ერთი ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი. შეჯიბრებაში ჩაერთვება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ).