ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი

31 ივლისი 2024

პარიზის ოლიმპიური თამაშების მეხუთე საშეჯიბრო დღე ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა. 31 ივლისს მარსის მოედანზე, სადაც ძიუდოისტთა ასპარეზობები მიმდინარეობს, საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ლაშა ბექაურმა, რომელიც პარიზს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის რანგში ეწვია, მეორედ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მეორედ მოიპოვა.

90 კილოგრამ წონითი კატეგორიის ლიდერი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. ქართველს პირველ შეხვედრაში მეტოქედ ჰყავდა ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ბულგარელი ივაილო ივანოვი. ბექაურმა შეხვედრა ვაზარით მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

24 წლის ქართველ ძიუდოისტს ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე კორეელ მეტოქესთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, თუმცა საამისოდ დიდი დრო არ დასჭირვებია -  შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სულ წუთნახევარი დასჭირდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ნახევარფინალური ბარიერი მეტოქის - ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილის სამი გაფრთხილების შემდეგ გადალახა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველს მეტოქეობას უწევდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, იაპონელი მურაო სანშირო.

ეს იყო დრამატული შეხვედრა, სადაც პირველი ვაზარი იაპონელმა მოიპოვა. ბექაურმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ბრძოლის მიწურულს კი კიდევ ერთი ვაზარი აიღო და იპონით გაიმარჯვა.

 ლაშა ბექაური დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში გახდა მეათე ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოში კი მეშვიდეა, ვინც კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა. საბჭოთა კავშირის და გაერთიანებული გუნდის სახელით საქართველოს სპორტსმენთა შედეგების გათვალისწინებით, ბექაურის მიერ პარიზში მოპოვებული ოქროს მედალი 42-ეა.

1 აგვისტოს პარიზის თამაშებზე იასპარეზებენ ძიუდოისტი ილია სულამანიძე (-100 კგ) და მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ).