ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალოსანია, ლაშა გურული კი ნახევარფინალშია

პარიზის ოლიმპიურ თამაშების მეექვსე საშეჯიბრო დღეს საქართველო თითო ძიუდოისტით და მოკრივით იყო წარმოდგენილი. მოპოვებულია ერთი მედალი, მეორე კი „დაჯავშნილია".
მედლით დაასრულა ასპარეზობა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ, ლაშა გურულმა კი მესამე ადგილი გაინაღდა.
ძიუდოისტთა მეექვსე საშეჯიბრო დღეს მერვედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენელი ილია სულამანიძე. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელ ქართველ ძიუდოისტს პირველ შეხვედრაში მეტოქედ ჰყავდა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, იტალიელი ჯენარო პირელი. ჩვენმა ძიუდოისტმა იტალიელის ბარიერი ორ წუთში წმინდა გამარჯვებით გადალახა.
ქართველს რთული მეტოქე ერგო მეოთხედფინალში - ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი. სულამანიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან იაპონელს წუთნახევარში ვაზარი აართვა, მერე შეხვედრაც მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
სულამანიძემ გაცილებით იოლად გაიარა შემდეგი წრე. ქართველმა მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში შვეიცარიელი მეტოქე დანიელ ეიხი 11 წამში იპონით დაამარცხა და საჩემპიონო განწყობაც შექმნა.
სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც დიდი ხანი მწარედ დაამახსოვრდება პირველ რიგში თავად ილიას და შემდეგ კი - გულშემატკივარს. აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან ოქროს მედლისთვის შეხვედრაში, რომელსაც ვაზარით იგებდა, სამი გაფრთხილების შედეგად დამარცხებულად ქართველი გამოცხადდა.
ძიუდოში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, ხასიათი შედარებით გამოგვიკეთა ლაშა გურულმა (63,5 კგ). საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერს მეოთხედფინალში ყაზახეთის წარმომადგენელთან მოუწია დაპირისპირება.
შეხვედრა გურულის სასარგებლოდ 3:2 დასრულდა და შედეგად ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს კი გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს ნიშნავს.
ლაშა გურული ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას. მას 4 აგვისტოს კუბელ მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება.