პარიზის ოლიმპიური თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღემ საქართველოსთვის უმედლოდ ჩაიარა

02 აგვისტო 2024

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიურ გუნდი ერთბაშად ოთხ სახეობაში (ძიუდო,ტყვიის სროლა, ბატუტზე ხტომა, მძლეოსნობა) იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდისთვის ასპარეზობები დღის პირველ ნახევარში წარუმატებლად დასრულდა. 

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენელმა სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშები წარმატებით დაიწყო. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში იპონით დაამარცხა გერმანელი მეტოქე და მერვედფინალში გავიდა, აქ კი მას რთული მეტოქე ერგო - ოლიმპიური თამაშების ფრანგი ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი რომანა დიკო. 

სამწუხაროდ, ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიურ ტატამს ორ წუთში მიღებული სამი გაფრთხილებით დაემშვიდობა.

მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) პირველი შეხვედრა გამოტოვა და შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა მერვედფინალში იპონით დაამარცხა სენეგალელი მოწინააღმდეგე და მეოთხედფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც ფრანგ  ტედი რინერთან გამართა ბრძოლა. პირად პირველობაში ორგზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონის სახით ქართველ მძიმეწონოსანს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწია. დაძაბულ შეხვედრაში ძიუდოისტებს ნერვებმა უმტყუნა - მას შემდეგ, რაც ფრანგის ილეთი მსაჯებმა იპონით შეაფასეს, თუშიშვილი რინერის პროვოკაციას  წამოეგო. ფრანგს გამარჯვება მიაკუთვნეს, ქართველს კი არასპორტული საქციელისთვის - დისკვალიფიკაცია, რამაც მას რეპეშაჟში გამოსვლის და მედლისთვის ბრძოლის შანსი წაართვა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა მძლეოსანმა ლიკა ხარჩილავამ. ქართველმა სპრინტერმა მისთვის სადებიუტო თამაშებზე 100 მეტრზე რბენაში იასპარეზა, მაგრამ მისი შედეგი (12.37) კვალიფიკაციის გადასალახად საკმარისი არ აღმოჩნდა.  საკვალიფიკაციო გარბენი მე-20 ადგილზე დაასრულა.

პარიზში მისთვის მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა.ევროპული თამაშების  და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (გუნდურში) ლუბა გოლოვინა საუკეთესო 8  მხტომელს შორის ვერ მოხვდა და შეჯიბრს ნაადრევად 53.620 ქულით და მე-11 ადგილით გამოეთიშა.

მისთვის მეათე ოლიმპიურ თამაშებზე წარსდგა ქართული სპორტის ლეგენდა ნინო სალუქვაძე. ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელისთვის 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში საკვალიფიკაციო გასროლა სამწუხაროდ, უშედეგო გამოდგა. 

ნინო სალუქვაძემ შედეგის მიუხედავად, ისტორია დაწერა. გახდა მსოფლიოში პირველი, რომელმაც მეათე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. 

3 აგვისტოს საქართველო მხოლოდ ძიუდოისტთა შერეულ გუნდურ  შეჯიბრებაში იქნება წარმოდგენილი. იმედია, ჩვენს ნაკრებს დასკვნით  დისციპლინაში ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვიხილავთ.