საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა

03 აგვისტო 2024

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა და კაცთა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში იყო წარმოდგენილი.

ჩვენი გუნდი (ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ასკილაშვილი, ლაშა ბექაური, სოფიო სომხიშვილი, ილია სულამანიძე) პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მერვედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას. პირველ მეტოქედ იტალია გვერგო, რომელმაც თავის მხრივ უნგრეთი დაამარცხა. 

საქართველოსა და იტალიას შორის დაპირისპირება 3-3 დასრულდა. საჭირო გახდა ოქროს ქულით გამარჯვებულის გამოვლენა. ამ შემთხვევაში გასარკვევი იყო, რომელი წონის წარმომადგენლები შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთგვარი ლოტოტრონის დახმარებით გადამწყვეტი შეხვედრისთვის -73 კილოგრამ წონითი კატეგორია განისაზღვრა. შესაბამისად, ლაშა შავდათუაშვილს მეორედ მოუწია ტატამიზე გასვლა. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს ძიუდოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში 3 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო და 2 ვერცხლი. პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, ლაშა ბექაური (-90კგ), ამავდროულად ლაშა ბექაური არის პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ორჯერ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა(-81 კგ.) და ილია სულამანიძემ (-100კგ.).