შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში

04 აგვისტო 2024

დღეს პარიზის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს შეხვდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში გამოაცილეს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრები. წარმატებები უსურვეს მოახლოებულ შეჯიბრებებზე კრივის, ჭიდაობის და ძალოსნობის ნაკრებ გუნდებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ასპარეზობა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა ლაშა ბექაურმა, ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზა ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეულმა ნაკრებმა გუნდმა.